შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან დიპლომატიური მისიის სრულად გაწვევას გეგმავს, მათ შორის დიპლომატებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ჩათვლით. იტყობინება გამოცემა Washington Post-ი ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.
წყაროების თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი ქაბულიდან სამშაბათს გაიწვევს ელჩ როს უილსონსა და დიპლომატიურ პერსონალს, რომლებიც ჯერ კიდევ "თალიბანის" მიერ დაპყრობილ ავღანეთში იმყოფებიან.
მანამდე Washington Post-ი იტყობინებოდა, რომ "თალიბანმა" შეერთებულ შტატებს, 31 აგვისტოს შემდეგ, დასრულდება რა ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი, ქაბულში დიპლომატიური წარმომადგენლობის შენარჩუნება სთხოვა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ავღანეთში დიპლომატიური მისიის შენარჩუნების თაობაზე.
ამერიკის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მანამდე დატოვა საელჩოს კომპლექსი ქაბულში და განაგრძობს მუშაობას ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან.
ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც ჯერ კიდევ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეთა სამხედროები აკონტროლებენ, უცხოელი პერსონალისა და ავღანელების ევაკუაცია კვლავ მიმდინარეობს. „თალიბანის“ განცხადებით, 31 აგვისტოს შემდეგ, აეროპორტზე კონტროლის დამყარებას გეგმავენ.