უკრაინა იმედგაცრუებულია ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას განცხადებით, კალიულაიდის განცხადება სრულიად უადგილო იყო.
"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ ამგვარი განცხადებით და მიგვაჩნია, რომ ის უადგილო იყო. ჩვენი ეს პოზიცია ვაცნობეთ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში ესტონეთის ელჩს. მიგვაჩნია, რომ ასეთ განცხადებებს არ უნდა ვისმენდეთ მეგობრებისა და პარტნიორებისგან, უკრაინა და ესტონეთი კი მეგობრები არიან", - თქვა კულებამ უკრაინული ტელეარხის ეთერში.
კულებას თქმით, ესტონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება განსაკუთრებით განმაცვიფრებელი იყო "ყირიმის პლატფორმის" სამიტისა და უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის ფონზე.
"20 წელზე მეტი ხნის წინ, დასავლეთის ქვეყნები იგივე მენტორული ტონით ეუბნებოდნენ ესტონელებს, ლიეტუველებს და ლატვიელებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოსამწიფებლად 20-30 წელი დასჭირდებოდათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცნაური იყო ამ სიტყვების მოსმენა ესტონეთის პრეზიდენტისგან. მე ვესაუბრე მას ყირიმის პლატფორმის სამიტზე და ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი. არ ვიცი რამ მოახდინა გავლენა მასზე, რომ ინტერვიუში ეს ეთქვა, მაგრამ მისი განცხადება ჩვენი ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს არ შეესაბამება", - თქვა კულებამ.
შეგახსენებთ, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა Evropeyskaya Pravda-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას კიდევ 20-წლიანი მუშაობა სჭირდებათ, რათა მზად იყონ ევროკავშირის წევრობისთვის