"ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საბავშვო სააღმზრდელო დაწესებულებების (ბავშვთა სახლების) ლიცენზირების ნაცვლად თავად სწავლების ლიცენზირება მოხდება.
კანონპროექტის ავტორები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე არიან.
როგორც დღეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძემ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით 16 ბავშვთა სახლი არსებობს, სადაც 30-დან 80-მდე ბავშვია, თუმცა ამ ბავშვთა სახლებში დაუცველია ბავშვთა ზრუნვის სტანდარტები.
თოიძის განმარტებით, ამიერიდან ბავშვთა სახლების ლიცენზირების ნაცვლად თავად სწავლების პროცესის ლიცენზირება მოხდება, რაშიც იგულისხმება ის, რომ სწავლების სტანდარტები იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებული.
"დღეისათვის ბავშვთა სახლებში თითოეულ ბავშვზე ვაუჩერის სახით 11,5 ლარს იღებენ და ეს სფერო არის დერეგულირებული, ანუ არ არსებობს ბავშვთა სახლების სწავლების ლიცენზირება. შემოვდივარ ინიციატივით, რომ ამ სახლების ლიცენზირება კი არ მოხდეს, არამედ მოხდეს სწავლების სერთიფიცირება, ანუ რა სტანდარტებს უდნა აკმაყოფილებდეს პედაგოგის კვალიფიკაცია და სხვა", - განაცხადა ოთარ თოიძემ.