ქაბულში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ამასთან, ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები მკაცრად აზღვევინებს ყველას, ვინც დღევანდელი თავდასხმის უკან დგას.
"ვინც ეს თავდასხმა განახორციელა, ასევე მათ, ვისაც სურს ამერიკას ზიანი მიაყენოს, იციან, რომ ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ არ დავივიწყებთ, ჩვენ გიპოვით და გაზღვევინებთ", - თქვა ბაიდენმა.
საგანგებო ბრიფინგზე ბაიდენმა მიანიშნა, რომ ტერორისტული აქტების უკან შესაძლოა იდგნენ ის ადამიანები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დატოვეს ავღანეთის საპატიმროები, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ლამის ყველა ციხის კარი გახსნა, ქაბულის დაპყრობისთანავე.
ბაიდენმა ასევე მიმართა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" (ISIS-K - ავღანური დაჯგუფება), რომელმაც ქაბულის აეროპორტთან განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო.
"ტერორისტები ხელს ვერ შეგვიშლიან. ჩვენ არ შევწყვეტთ მისიას, ვაგრძელებთ ევაკუაციას", - თქვა ბაიდენმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს საფასურის გადახდა მოუწევთ.
ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. მომხდარს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.