მე კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ გარე სპიკერი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი, მაგრამ როგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას პანდემიისას არჩევნების ჩატარების წარმატებული გამოცდილება უკვე აქვს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, პარტიებმა საარჩევნო კამპანია აწარმოონ ისე, რომ დაიცვან რეგულაციები ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ და არჩევნების დღეს ამას უზრუნველყოფს ცესკო. აქ რისკები არის მინიმალური, ჩვეეულებრივ საყოფაცხოვრებო რისკებთან შედარებით. ამიტომ ჩვენც, თქვენც, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და ჩვენ შეგვიძლია ორ -სამ კვირაში მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსისგან მიყენებული ზიანი. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ აცრით, რეგულაციების დაცვით და სარჩევნო პროცესებს ნუ დავაბრალებთ. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს, კიდევ ვინ ჩაერთვება იმ კამპანიაში, რომელიც რეალურ საფუძველს არის მოკლებული. სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, სახალხო დამცველი მოხვდა ამ კამპანიაში და მისი ნაწილი გახდა. არ გამოვრიცხავ, მე კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ გარე სპიკერი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი, მაგრამ როგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როცა სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება არის შეუძლებელი“, - განაცხადა მდინარაძემ.