ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის 8 022 საწოლიდან, 7 410 დაკავებულია.
"რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, რომ 8 000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის გარკვეულწილად ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, ჰოსპიტალები ცდილობენ დამატებითი რესურსის მობილიზებას, იმ ხარჯზე რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები. რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არის გარკვეული მოსაზრება, რომ იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტალების ჩართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.