ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხისთვის კოვიდგენოციდის მოწყობის გამო, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი გაგზავნეს.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ, ძალაუფლების დაკარგვის შიშით, არ გაატარა საჭირო ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ.
"დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგის ტრიბუნალზე გაგზავნილია სარჩელი ბიძინა ივანიშვილის და მის გარემოცვის წინააღმდეგ ჩვენი ხალხისთვის კოვიდგენოციდის მოწყობის გამო.
საერთაშორისო კონვენციები გენოციდს განმარტავენ, როგორც ისეთი პირობების განზრახ შექმნას, რომელიც მასობრივ სიკვდილიანობას იწვევს.
ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ ხალხი აქციაზე არ გამოსულიყო, არ დაძლეულიყო სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, ადამიანები სახლებში გამოკეტა, განზრახ არ შემოიტანა ვაქცინები, არ გადააწყო ჰოსპიტალური სექტორი და დღეს საქართველო ვირუსის გავრცელებით და სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მოსახლეობის მასობრივი მოსპობის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გამოიყენა აი ეს სასიკვდილო ვირუსი იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება, გაეყალბებინა არჩევნები, განემტკიცებინა ერთპარტიული ტოტალიტარული რეჟიმი, არ გადაელახა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, არ შეესრულებინა ის წინასაარჩევნო დაპირებები, უფასო ფულით დაწყებული და 150 ფაბრიკა-ქარხნით დამთავრებული. რაც მთავარია 10 მილიარდი შემოსული კოვიდის წინააღმდეგ, მიიტაცა, გადაანაწილა თავის ბანკებზე, გადაანაწილა სასტუმროებში, თავის სამშენებლო ბიზნესში, საფრანგეთის კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლ ფონდში, გადაანაწილა ამაზონის ტყეების აღდგენის ფონდში და ჩვენი ხალხი გაწირა სასიკვდილოდ", - თქვა ნათელაშვილმა.