ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" წინააღმდეგ მებრძოლი ავღანური ძალები, რომლებიც ფანჯშირის ხეობაში არიან გამაგრებულები, აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ავღანეთში, ფანჯშირის ხეობის სიახლოვეს სამ რაიონზე კონტროლი დაიბრუნეს.
აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის, თავდაცვის მინისტრ გენერალ ბისმილა მუჰამედის განცხადებით, რომელმაც პირობა დადო, რომ თალიბანს შეეწინააღმდეგება, ამბოხებულებმა დაიკავეს ბაღლანის პროვინციის სამი რაიონი - დეჰ სალეჰი, ბანო და ჰულ-ჰესარი.
ავღანური ტელეკომპანია TOLO News, ბანოს რაიონის მილიციის უფროსზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაიონი ადგილობრივი მილიციის ძალების მიერ კონტროლდება. მათი ინფორმაციით რაიონზე კონტროლის აღებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
"თალიბანს" მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
"თალიბანის" მიერ ქაბულის დაპყრობიდან მალევე, ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ წინააღმდეგ შეირაღებულმა მოძრაობამ დაიწყო ჩამოყალიბება. ამბოხებულები თავმოყრილნი არიან ავღანეთის ფაქტობრივად ერთადერთ ნაწილში, რომელიც არ არის თალიბანის კონტროლის ქვეშ, ქაბულის ჩრდილოეთით ფანჯშირის ხეობაში.
ფანჯშირის ხეობაში იმყოფებიან თალიბანის მიერ დამხობილი მთავრობის წევრები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი გენერალი ბისმილა მუჰამედი და ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი. ამ უკანასკნელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, სწორედ ის ითვლება ავღანეთის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და რომ ის არ აპირებს დანებებას.
მათ ასევე შეურთდა ავღანელი მუჯაჰიდების ყოფილი ლიდერის, საველე მეთაურისა და თავდაცვის მინისტრის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, აჰმად მასუდი.
The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მასუდმა მოითხოვა იარაღი და დახმარება თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"გწერთ პანჯშირის ხეობიდან, მზად ვარ გავყვე მამაჩემის კვალს, მუჯაჰედ მებრძოლებთან ერთად, რომლებიც მზად არიან კიდევ ერთხელ შეებრძოლონ თალიბანს", - წერს მასუდი.
აჰმად მასუდთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ ფანჯშირის ხეობაში 6000-ზე მეტი მებრძოლია შეკრებილი, რომელიც შედგება ავღანეთის არმიისა და სპეცდანიშნულების რაზმების წევრებისგან, ასევე ადგილობრივი მილიციის თანამშრომლებისგან.