"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა ოფიციალურად წარადგინა.
უგულავას წარდგენის ცერემონია ფოთში, საქაერონავიგაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
გიგი უგულავა ბიულეტენში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომრით იქნება წარმოდგენილი.
როგორც გიგი უგულავა აცხადებს, მისთვის უდიდესი პატივია, ფოთში იყაროს კენჭი და მხარდაჭერის შემთხვევაში გახდეს ფოთის რჩეული.
"შეიძლება, ბევრმა ადამიანმა თქვას, რა გინდა, ამხელა ქალაქის მერი იყავი – კი, ბატონო, მაგრამ ერთია, როდესაც შენ ხარ ხელისუფლების კანდიდატი და ჩემთვის უდიდესი მართლაც პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, თბილისისთვის, მაგრამ მეორეა, როდესაც შენ, შენი მეგობრები და თითოეული თქვენგანი, ვინც დამიჭერთ მხარს, დაუჭერთ მხარს ბრძოლას, ბრძოლას უკეთესი ფოთისთვის, უკეთესი ქვეყნისთვის. გადავავლოთ თვალი, რა ხდება ჩვენს გარშემო. ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ არ ხარჯავს ფულს. ფოთში ცენტრალური მთავრობა აკეთებს ფულს, მაგრამ უკან აბრუნებს კაპიკებს. აქაურები არავის არაფერს არ ამადლიან, არავის არაფერს არ უთვლიან, არავის სხვის ჯიბეში არ უყოფენ ხელს და არ უთვლიან, მაგრამ შეუძლებელია, უბრალოდ ჯანსაღ აზრთანაც არ არის ახლოს, როდესაც აქ უბრალოდ ამდენი ტრაილერი დადის, გადაზიდვა-გადმოზიდვაა; სადაც პორტია, იქ დიდი ცვეთაა, სადაც დიდი ცვეთაა, იქ არის დიდი მოძრაობა; სადაც დიდი მოძრაობაა, იქ მეტი რესურსი არის საჭირო იმისათვის, რომ ქალაქმა კიდევ უფრო მეტი რესურსი მოიზიდოს ფოთელებისთვის და მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ფოტო: არქივი