21-23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს.
23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება.
რა არის ყირიმის პლატფორმა
ყირიმის პლატფორმა არის უკრაინის მიერ წამოწყებული ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატი, რათა ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირება მეტად ეფექტიანი გახადოს, უპასუხოს უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებს, გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე.
ყირიმის პლატფორმა მიზნად ისახავს პრევენცია მოახდინოს ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დაიცვას საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი.
ყირიმის პლატფორმის უმთავრესი ამოცანაა მოახდინოს ნახევარკუნძულის დეოკუპაცია და მასზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა.
ყირიმის პლატფორმის საქმიანობა ოფიციალურად 2021 წლის 23 აგვისტოს კიევში დაიწყება, საინაუგურაციო სამიტზე.
ვინ მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 აგვისტოს 44 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის 14 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და ევროკავშირი, გახდებიან ყირიმის პლატფორმის დამფუძნებლები.
სამიტზე პრეზიდენტების დონეზე წარმოდგენილნი იქნებიან - ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვენია და ფინეთი.
ევროკავშირს წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
პრემიერ-მინისტრების დონეზე - რუმინეთი, საქართველო, ხორვატია და შვედეთი.
პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე - შვეიცარია და ჩეხეთი.
სამიტს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაესწრებიან: თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ირლანდია, დანია, ბულგარეთი, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია.
ბრიტანეთისა და პორტუგალიის სახელით სამიტს დაესწრებიან თავდაცვის მინისტრები. შეერთებულ შტატებს წარმოადგენს ტრანსპორტის მდივანი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალური დესპანი.
ნორვეგიას წარადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.
შვიდი ქვეყანა - ახალი ზელანდია, მალტა, იაპონია, ავსტრალია, კვიპროსი, კანადა და საბერძნეთი - წარმოდგენილი იქნება ელჩებით.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისია, ევროპის საბჭო, სუამი და ნატო.
ყირიმის ანექსია
2014 წლის 26 თებერვალს პრორუსმა დემონსტრანტებმა გადაკეტეს ყირიმის პარლამენტი და მოითხოვეს რეფერენდუმი ყირიმის დამოუკიდებლობის თაობაზე. მომდევნო დღეებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები.
2014 წლის 1-ელ მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭომ თანხმობა მისცა პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეიარაღებული ნაწილების შეყვანაზე რუსული ინტერესების დაცვის მიზნით, სიტუაციის სტაბილიზაციამდე. 11 მარტს კრემლის მიერ მართული ყირიმის უმაღლესი საბჭოსა და სევასტოპოლის საქალაქო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი რეზოლუცია, რითიც მათ ყირიმის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
16 მარტს პრორუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი - ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი და, შესაბამისად, მისი შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.
2014 წლის 18 მარტს ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა.