ბოლო წლების განმავლობაში, ამ ქალაქში კერძო ინვესტიციების სახით ინვესტირებულია 3 მილიარდი დოლარი და თქვენ ხედავთ, როგორი მშენებლობა და აღმშენებლობა არის ჩვენს ულამაზეს ქალაქ ბათუმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმში ათეულობით სასტუმრო გაიხსნა ბოლო რვა წელიწადში.
„მოგესალმებით, მივესალმები ბათუმს და ბათუმელებს. მივესალმები ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებს და მე მადლობას გიხდით თქვენი ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ვიმყოფებით აჭარაში, ამ ულამაზეს რეგიონში და ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩევლებს წარვუდგინეთ ჩვენი მერობის კანდიდატები.
2012 წლიდან დღემდე, ჩვენს დიდ ოჯახს არაერთი ღირსეული წევრი შეემატა. ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ერთ ძლიერ გუნდს, რომელმაც ბოლო 7 არჩევნებში, ძლიერად და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ.
2012 წლის შემდგომ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ არაერთი კონკრეტული ხელშესახები შედეგი მოიტანა. შედეგი და გამარჯვება მოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ 2012 წლის ოქტომბერი არის დასაბამი იმ გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის, რომელიც მართლაც გამორჩეული არის ჩვენს ქვეყანაში. ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ, ვთქვათ და ვაღიაროთ ყველამ ერთდ, რომ მოიტანა ძლიერი პროგრესი ყველა მიმართულებით. თვალსაჩინოებისთვის, საკმარისია, ყველამ ერთდ გავიხსენოთ ის სურათი, რაც იყო მანამდე, თუნდაც ბათუმში და რა არის ახლა, თქვენ ხედავთ განვითარებულ, ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ქალაქს, ქალაქს, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პირველ ევროპულ ქალაქად საქართველოში. ბათუმი, რომელიც ისტორიულად ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მოწინავე, ცივილიზაციის, განვითარების და პროგრესის შემომტანი ჩვენს ქვეყანაში.
ბოლო წლების განმავლობაში, ამ ქალაქში კერძო ინვესტიციების სახით ინვესტირებულია 3 მილიარდი დოლარი და თქვენ ხედავთ, როგორი მშენებლობა და აღმშენებლობა არის ჩვენს ულამაზეს ქალაქ ბათუმში. ათეულობით სასტუმრო გაიხსნა სულ რაღაც ბოლო 8 წელიწადში. ტურისტების არნახული ნაკადი მოედინება ამ ულამაზეს ქალაქში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.