ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა" ავღანეთის მასშტაბით "საყოველთაო ამნისტია" გამოაცხადა. ინფორმაციას Associated Press-ი "თალიბანის" კულტურის კომისიის წევრის, ენამულა სამანგანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თალიბანის წარმომადგენლის ეს განცხადება ამნისტიასთან დაკავშირებით ძირითადად მიემართება საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ავღანელებს, რომელთაც თალიბანის მკაცრი მმართველობისა და შარიათის კანონის ამოქმედების მოლოდინში, სასჯელის შიშით დატოვეს სამსახურები.
"მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაოებს და განაგრძონ მშვიდი ნორმალური ცხოვრება", - აღნიშნა სამანგანმა.
ამასთან, "თალიბანმა" ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზეც განაცხადა.
"ისლამურ საამიროს არ სურს, რომ ქალები მსხვერპლები იყვნენ. ქალები უნდა იყვნენ სამთავრობო სტრუქტურებში შარიათს კანონების შესაბამისად.
მთავრობის სტრუქტურა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის უნდა იყოს ისლამური მმართველობის ქვეშ და მას ყველა მხარე შეუერთდეს", - თქვა სამანგანიმ.
"ჩვენი ხალხი მუსლიმია და აქ იმისთვის არ ვართ, რომ მათ ისლამის მიღება ვაიძულოთ", - დასძინა თალიბანის წარმომადგენელმა.
"თალიბანის" რეჟიმის დროს, რომელიც 2001 წელს დაემხო, ავღანეთი ისლამური კანონების მკაცრი ინტერპრეტაციებით იმართებოდა, ქალებს ფაქტობრივად არ ჰქონდათ განათლების მიღებისა და მუშაობის უფლება.
ბოლო წლებში, თითქოს თალიბანი ცდილობდა ამ საკითხებში მეტი ზომიერება გამოეჩინა, მაგრამ ბევრი ავღანელი ამ მცდელობას სკეპტიკურად უყურებს.
კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბული და შედეგად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების სურვილით ახსნა.