ჩინეთი მზად არის გააღრმავოს ავღანეთთან მეგობრული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. განაცხადა 16 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, "თალიბანის" მიერ ავღანეთს დაპყრობის ფონზე.
ჩინეთის განცხადებით, იგი მიესალმება ქაბულთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას, რადგან ავღანეთი თაობების განმავლობაში, ძლევამოსილი ქვეყნების მიერ უდიდესი გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნად იყო აღიარებული.
"თალიბანმა არაერთხელ გამოთქვა ჩინეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების იმედი და ისინი მოუთმენლად ელიან ჩინეთის მონაწილეობას ავღანეთის აღმშენებლობასა და განვითარებაში", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინგმა.
"ჩვენ მივესალმებით ამ მოლოდინებს. ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის გააგრძელოს ავღანეთთან მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება", - დასძინა ჩუნინგმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მოუწოდა თალიბანს, უზრუნველყოს ძალაუფლების შეუფერხებელი გადაბარება და შეასრულოს თავისი დანაპირები, რომ მოლაპარაკებებს გამართავენ ღია და ინკლუზიური ისლამური მთავრობის შექმნის შესახებ და დაიცავენ ავღანელებისა და უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
პრესსპიკერის განცხადებით, ჩინეთის საელჩო ქაბულში განაგრძობს მუშაობას, თუმცა უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ფონზე პეკინმა თვეების წინ დაიწყო ქვეყნიდან ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაცია.