გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, "თალიბანის" მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების ფონზე, ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით.
გუტერეში ექსტრემისტულ დაჯგუფებას და კონფლიქტის სხვა მხარეებს "ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად" მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
გაეროს გენერალური მდივნის შეშფოთება საზოგადოებას მისმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა გააცნო.
ამ დროისთვის, ცნობილია, რომ ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 16 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
გაეროს გენერალური მდივანმა "თალიბანს" ავღანეთში ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა, ავღანელი ქალებისა და გოგონების მომავალთან დაკავშირებულ შეშფოთებას.
ანტიონიო გუტერეშემა ექსტრემისტულ დაჯგუფებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ასევე, ავღანეთის ყველა მაცხოვრებლის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე მიანიშნა.
გენერალურმა მდივანმა "თალიბანს" მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, "თალიბანი" ქაბულში შევიდა, რითაც დაასრულა ავღანეთის მნიშვნელოვანი ქალაქების აღების პროცესი. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა უკვე დატოვა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების მოტივით განმარტა.
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის განცხადებით, ავღანეთში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. ამ საბჭოში შედიან ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, ისლამური პარტიის თავმჯდომარე გულბედდინ ჰექმათიარი და თავად ჰამიდ კარზაი.