ნორვეგია დროებით ხურავს თავის საელჩოს ქაბულში და იწყებს პერსონალის ევაკუაციას, მათ შორის დიპლომატებისა და ადგილობრივი ავღანელებისა, რომელთაც ოჯახებთან ერთად სამშობლოს დატოვების სურვილი გამოთქვეს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევაკუაცია დაუყოვნებლივ დაიწყება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქაბულში ნორვეგიის საელჩო განაახლებს მუშაობას, როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას გააჩენს.
ბოლო კვირების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, დანიამ ასევე მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ავღანეთი, ხოლო საფრანგეთმა და ინდოეთმა უკვე განახორციელეს სარეპატრიაციო ფრენები.
20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, შეერთებული შტატებისა ნატო-ს ჯარები საბოლოოდ გადიან ავღანეთიდან. ავღანეთიდან დასავლეთის გასვლის კვალდაკვალ, თალიბანი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
ბოლო ინფორმაციით, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის სულ მცირე 15 პროვინციას, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედია.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულში მდებარე საელჩოდან პერსონალის ევაკუაციის მიზნით, აშშ ავღანეთში 3 ათასამდე სამხედროს გააგზავნის.