"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, მოსკოვის მზადყოფნაზე თბილისთან ურთიერთობის აღდგენაზე, ეხმიანება.
კობახიძის განცხადებით, არსებობს წითელი ხაზები, რის გამოც რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვაქვს, არსებობს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზის ფარგლებში ყველაფერზე შეიძლება ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, ვერ გადაიკვეთება, დანარჩენზე, ვნახოთ, რაზეა საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დისკუსია გაგრძელდეს.
"რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს. ფრენებიც არის ეკონომიკური საკითხი და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია", - დასძინა კობახიძემ.