თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა და მეორე კიდევ, ეს არის ისევ და ისევ ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი, ოქროს წესი ამ პანდემიისგან თავის დასაცავად მაინც არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება.
„სანქცირება და მხოლოდ სასჯელების ფონზე ამ პროცესის რეგულირება ძალიან რთულია. ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მთავარია ინდივიდუალურ დონეზე, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა. ახლა ჩვენ ხელთაა ის გადაწყვეტილება, ამ პირობებში კონცერტზე წავალთ, ქორწილში თუ სხვა რომელიმე გასართობ ღონისძიებაზე. თუ წესები დავიცავით, არც ეს არის საშიში და საუბარია ელემენტარულ წესებზე, როგორიცაა პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბოლო პერიოდში ამგვარი მატება შეინიშნება. განსაკუთრებით დელტა შტამიდან გამომდინარე. იმასაც ვაკვირდებით, რომ ვაქცინაციისა და ეპიდემიის სტაბილიზაციის ფონზე უარი თქვა ნიღბის გამოყენებაზე, მაგრამ დღეს ისევ უბრუნდებიან. მთავარი, ოქროს წესი ამ პანდემიისგან დასაცავად მაინც ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენებაა. ჩვენ დღეს დაახლოებით 50 %-იან ნიშნულზე ვართ მოსახლეობაში პირბადის გამოყენების კუთხით, აპრილ-მაისში ეს მაჩვენებელი იყო 70-დან 80 პროცენტამდე და გარკვეულწილად ამან მოგვცა ეპიდემიის დასტაბილურების საშუალება. ახლაც თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა და მეორე კიდევ, ეს არის ისევ და ისევ ვაქცინაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.