შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ, ნიუ იორკის გუბერნატორს ენდიურ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდა.
ბაიდენი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც გუბერნატორის მიმართ პირველი ბრალდებები საჯაროდ გაისმა, აცხადებდა, რომ ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, ენდრიუ კუომო უნდა გადამდგარიყო. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ახლაც იგივე პოზიციაზე დგას.
ნიუ იორკის გენერალური პროკურატურის გამოძიებამ დაადგინა, რომ შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომომ არაერთი ქალი სექსუალურად შეავიწროა.
ნიუ იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის განცხადებით, ენდრიუ კუომო ავიწროებდა შტატის ადმინისტრაციის ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომელ ქალებს. ასევე, რამდენიმეს, რომლებიც არ მუშაობდნენ ადმინისტრაციაში.
ლეტიცია ჯეიმსის თქმით, გუბერნატორმა დაარღვია შტატისა და ფედერალური კანონები.
გამოძიების ანგარიშის თანახმად, კუომო დაკავებული იყო "არასასურველი და თანხმობის გარეშე შეხებით" და აკეთებდა სექსუალური შინაარსის კომენტარებს ქალების მისამართით.
ამასთან, ანგარიშში აღნიშულია, რომ მსგავსი ქმედებებით, გუბერნატორი ქმნიდა "მტრულ სამუშაო გარემოს ქალებისთვის".
გამომძიებლები გაესაუბრნენ 179 პირს და განიხილეს ათასობით მტკიცებულება, რომელმაც დახატა "სექსუალური შევიწროების უკიდურესად შემაშფოთებელი და მკაფიო სურათი".
კუომო უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, თუმცა თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ "შესაძლოა, იგი რამდენიმე ქალთან მომაბეზრებელი ფლირტით იყო დაკავებული".
გასულ წელს გუბერნატორი კუომო რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.