დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დიდი რაოდენობის ჯავშნების გაუქმების მიზეზების შესწავლას იწყებს.
გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის IT სწავლობს მიზეზებს.
"რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ მაგალითად „სინოფარმზე“ და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს „ფაიზერზე“", განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვთქვათ „სინოფარმის“ გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი“ უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა.
"კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს ხსდომის შემდეგ აღნიშნა.
მისი თქმით, აცრებზე საეჭვოდ ბევრი რეგისტრირებული ადგილი არის გაუქმებული.
„ფაქტი ერთია - ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. არ მესმის, ეს შიშს როგორ უნდა დააბრალო, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრო. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია ეს როგორ მოხდა“, - განაცხადა იმნაძემ.