ვშიშობ, საქართველო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ, უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე სამი თვის წინ - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
კრამონის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლით, "ქართულმა ოცნებამ" გადადგა ძალიან მოულოდნელი და დამაზიანებელი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებისთვის.
"ქართულმა ოცნებამ" გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით, დამაზიანებელი ნაბიჯი, მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო მე გადავწყვიტე, გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. [ევროპარლამენტარი გულისხმობს შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს].
ვიოლა ფონ კრამონის თქმით, "ქართულ ოცნებას" ადრეც დაურღვევია დაპირებები.
"უფრო მეტსაც გეტყვით, პირველად არ ხდება, როდესაც „ქართული ოცნება“ თავის დაპირებას არ ასრულებს. გაუქმება შეთანხმებისა არღვევს ნდობას და "ქართულ ოცნებას" ხდის ისეთ სუბიექტად, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება და არ არის სანდო. გამართლება შეთანხმებიდან გამოსვლისა გახლავთ არადამაჯერებელი და არასერიოზული. "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე და ეს არის კარგი დემონსტრაცია ზემოთ თქმულისა", - განაცხადა კრამონმა.