"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ევროპარლამენტარები - მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
"განცვიფრებულნი და იმედგაცრუებულნი ვართ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მოულოდნელი გადაწყვეტილებით,19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ.
ეს გარდამტეხია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთერთობებში, შეთანხმება გზას უხსნის პოლიტიკური პოლარიზაციის შემსუბუქებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემა ან პარლამენტში ძალაუფლების განაწილება.
"ქართული ოცნების" განცხადების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ უკვე შეასრულა თავისი მიზნები და, შესაბამისად, მიაღწია თავის საზღვრებს, მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ეპიზოდურად.
არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას, ასევე აქვთ დიდი წილი პასუხისმგებლობა ამ ჩავარდნაზე. ამასთნ ჩვენ ვაფასებთ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და განაგრძობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისა და თბილისში მომხდარი ძალადობის შემდეგ, რამაც გამოიწვია "თბილისი პრაიდის" გაუქმება, გუშინდელი განცხადება მორიგი იმედგაცრუება იყო.
ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, უკან წაიღოს მისი გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გათვალისწინებით, რათა შეთანხმება სრულყოფილად განხორციელდეს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ამ საქმიანობაში", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.