კრემლი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს. აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი.
პესკოვის განცხადებით, მნიშნველოვანია, რომ წვრთნების სცენარები არ მოიცავდეს შეფარულ ქმედებებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
"კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით ჩვენი საზღვრების სიახლოვეშია და არამხოლოდ სიახლოვეში, არამედ ჩვენს საზღვრებთა კონტაქტშია. ცხადია, ეს არის ჩვენი ყურადღების საგანი", - განაცხადა პესკოვმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ საუბრისას.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს კრემლი სახმედრო წვრთნებში აზერბაიჯანის მონაწილეობას, პესკოვმა უპასუხა:
"აზერბაიჯანი სუვერენული სახელმწიფოა, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. ეს არის პარტნიორობა და არსებობს საერთო პოლიტიკური ნება ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წვრთნების სცენარები არ გულისხმობდეს რაიმე... შეფარულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ".
შეგახსენებთ, საქართველოში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021".
წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლებას საქართველო 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
წვრთნების მიზანს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.