პარტია "ლელო" ეხმიანება "ქართული ოცნების გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უპასუხისმგებლო უწოდა "ქართული ოცნების" განცხადებას და არ გამორიცხა, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
"ლელო" გააკეთებს ყველაფერს, რათა რადიკალიზაციას არ მისცეს გასაქანი ამ ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებით, იციან, რომ ისინი 43 პროცენტს ვერ დააგროვებდნენ.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, პირველ რიგში, ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, ყველა ოპოზიციურ ძალას, სასწრაფოდ დავუთმოთ კონსულტაციები. ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც.
მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება, ხელშეკრულებისა და სიტყვის უპატივისმცემლობა, ეგრეთ წოდებული გადაგდებების სერია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ. ჩვენ შარლ მიშლის ხელშეკრულებით გვაქვს არჩევანი, ქვეყანა განვითარდება ევროპული ვექტორის მიმართულებით, დაიწყება ქვეყანაში სრული წინსვლა, რეფორმები და აღმავლობა. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულებიდან გასვლით მათ არჩიეს რუსეთის გზა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.