გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებმა აქტიურად დაიწყეს კონსულტაციები, თუ ვინ შეცვლის ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელიც ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს და მისი უფლებამოსილების ვადა 2022 წელს იწურება.
იუწყებიან, რომ სტოლტენბერგის მემკვიდრე ნატო-ს ლიდერების სამიტზე მადრიდში, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი.
მომავალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხი ფართო განსჯის საგანია არამხოლოდ ბრიუსელში, არამედ მოკავშირეთა დედაქალაქებში. ზოგიერთი ოფიციალური პირის, დიპლომატისა თუ ანალიტიკოსის აზრით, დროა, 72 წლის შემდეგ, ალიანსმა თავის უმაღლეს სამოქალაქო თანამდებობაზე პირველი ქალი წარადგინოს.
არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის არჩევა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მოსკოვისთვის.
Politico-ს ინფორმაციით, ახალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა სამი ყოფილი და მოქმედი ქალი ლიდერი განიხილონ - ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.
ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის კანდიდატურაც განიხილონ.
ნატოში ერთ-ერთმა გავლენიანმა ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ არსებობს ზოგადი მოლოდინი, რომ ბრიტანეთი გენერალური მდივნის პოსტის ბრიტანელისთვის გადაცემას ისურვებდა, როგორც Brexit-ის შემდეგ ევროპაში მისი გავლენის დემონსტრირების საშუალება.
იუწყებიან, რომ ხორვატიის ყოფილ პრეზიდენტს ძალზედ შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს, რაც მას გაუადვილებს ამ თანამდებობისთვის კანდიდატთა შერჩევის პროცესში უპირატესობის მოპოვებას.
გრაბარ-კიტაროვიჩი, რომელიც ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი იყო 2015-დან 2020 წლამდე, უკვე მუშაობდა ნატოს შტაბ-ბინაში, 2011–2014 წლებში, საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწედ.
გრაბარ-კიტაროვიჩი წარსულში იკავებდა ხორვატიის ევროპულ საქმეთა მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ხორვატიის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საქმეში. იგი ასევე მუშაობდა ხორვატიის ელჩად აშშ-ში 2008-2011 წლებში.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ წარსულში გრაბარ-კრიტაროვიჩის დამოკიდებულება პუტინისადმი შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს და იხსენებენ 2018 წლის მსოფლიო თასის შეხვედრას, სადაც ხორვატიისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთად ძალიან მყუდროდ გულშემატკივრობდნენ თავიანთ ნაკრებებს.
აშშ, გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ტრადიციულად განიხილებიან, როგორც ყველაზე გავლენიანი მოკავშირეები გენერალური მდივნის შერჩევის პროცესში.
გავრცელებული ცნობით, იტალიაც მოწადინებულია, რომ მისმა მოქალაქემ დაიკავოს გენერალური მდივნის თანამდებობა. იუწყებიან, ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი გამოთქვამდა სურვილს, დაეკავებინა გენერალური მდივნის თანამდებობა, თუმცა, ამბობენ, რომ ვაშინგტონი მოგერინის კანდიდატურას არ დაეთანხმება.
ნატოს საკითხებში ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის წარმომადგენლის, განსაკუთრებით დალია გრიბაუსკაიტეს, გენერალური მდივნად არჩევა, შესაძლოა, მოსკოვის მხრიდან მტრულ ნაბიჯად იქნეს აღქმული, იმ დროს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს დაამყაროს ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის.
ვარაუდობენ, რომ საფრანგეთი არ წარადგენს თავის კანდიდატურას გენერალური მდივნის პოსტზე, თუმცა მისთვის არასასურველი კანდიდატის წარდგენისას გამოიყენებს ვეტოს უფლებას. ექსპერტები აცხადებენ, რომ საფრანგეთი დაბლოკავს, თურქეთის ყველა მცდელობას, დაიკავოს ალიანსში რომელიმე მაღალი თანამდებობა.