ხვალ, 19 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია", გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიწვევით საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შარლ მიშელი სიტყვით გამოვა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.
კონფერენციის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას.