ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერ პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა შარლ მიშელთან სავარაუდოდ ორშაბათს შედგება.
"შეხვედრა იქნება. მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციასთან შეხვედრა შედგება მისი ვიზიტის დროს. ის მოკლე ვიზიტით არის, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს იქნება მომავალ ორშაბათს. ამ ეტაპზე, ჩვენ პრინციპული შეთანხმება მიღწეული გვაქვს იმაზე, რომ ეს შეხვედრა ფიზიკურად გაიმართება, იმიტომ, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე, რომელზეც ის ჩამოდის, ჩვენ დისტანციურ რეჟიმში ვერთვებით კოვიდის გამო, ამიტომ, ლოჯისტიკურად იყო ბევრი საკითხი მოსაგვარებელი", - განაცხადა სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 19 ივლისს ეწვევა.
შარლ მიშელის ვიზიტი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზის" ფარგლებში შედგება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმში, 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. იგი ასევე სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე.
ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.
ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.