შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას ეხმიანება.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ღრმად შეწუხებულია მომხდარი ფაქტით.
"აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის", - წერს ბლინკენი.
პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცებას 15 ივლისს გამოეხმაურნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო.
კრიტიკული განცხადება გაავრცელა ევროკომისიამაც.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი 12 ივლისს დაამტკიცა.
მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოები.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, სადაც აღნიშნულია, რომ პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა