დღეს ქართველ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, ვაჟა აზარაშვილს 85 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურის სამინისტრო სახელგანთქმულ კომპოზიტორს საიუბილეო თარიღს ულოცავს.
"კომპოზიტორის შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მას ეკუთვნის სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, ნაყოფიერად მუშაობდა მიუზიკლისა და საესტრადო სიმღერის ჟანრში. დაწერილი აქვს შვიდი ინსტრუმენტული კონცერტი სხვადასხვა სოლო საკრავისა და ორკესტრისათვის. ფართო მსმენელმა ვაჟა აზარაშვილი შეიყვარა მელოდიური, ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერების გამო. იგი ავტორია 250-მდე საესტრადო სიმღერის, მათ შორის: „დინამო, დინამო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ხევსურული ბალადა“, „ისევ წვიმს“ და სხვა.
ვაჟა აზარაშვილი არაერთი პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელია. ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიები, არის საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის მფლობელი და სხვა.
2017 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“, - ნათქვამია სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ვაჟა აზარაშვილს 85 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას.