კომუნისტების მიერ მართულ კუბაში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია.
კუბის სხვადასხვა ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი ჰავანა მოიცვა ანტისამთავრობოთა შეძახილებმა - "ძირს დიქტატურა!".
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში კარგად ჩანს, როგორ აკავებს უსაფრთხოების სამსახური მომიტინგეებს, ზოგიერთ მათგანს სცემს კიდეც.
კუბელები განარისხა ეკონომიკის კოლაფსმა, სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვამ და ხელისუფლების მიერ პანდემიის არაკომპეტენტურად მართვამ.
კუბის მოსახლეობა, ეპიდემიოლოგიური ვითარების დრამატული დამძიმების ფონზე, ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს, გააძლიეროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია.
გასულ წელს, კუბის ეკონომიკამ, რომელიც მთლიანად ხელისუფლების მიერ არის კონტროლირებადი, 11%-იანი ვარდნა განიცადა, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია ბოლო 3 ათეული წლის განმავლობაში. ეკონომიკის ვარდნას ხელი შეუწყო ასევე პანდემიამ და შეერთებული შტატების სანქციებმა.
პარალელურად, კუბის ქუჩებში გამოვიდნენ პროსახელისუფლებო ჯგუფები მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მათ რევოლუციის დაცვისკენ მოუწოდა (გულისხმობდა 1959 წლის რევოლუციას, როდესაც ხელისუფლების სადავეებთან კომუნისტები მოვიდნენ).
პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ანტისახელისუფლებო პროტესტის მონაწილეებს შეერთებული შტატები მართავს, რომელსაც სურს "ძირი გამოუთხაროს კუბის სტაბილურობას".
"ბრძანება ბრძოლისთვის გაცემულია - ქუჩაში, რევოლუციონერებო!", - თქვა მან სატელევიზიო ეთერში.