ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
კუბილიუსი და იუკნევიჩიანე მწუხარებას გამოთქვამენ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და აცხადებენ, რომ მისი გარდაცვალება და ძალადობრივი თავდასხმების ფონზე პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა მიკერძებულად უნდა გამოიძიონ.
"საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რაც განსაზღვრავს მის განვითარებას და წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველთა უმეტესობამ უკვე მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები.
ამასთან, მოქმედებენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ იგი.
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი მიზანში ამოიღეს და სცემეს აქციაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისის ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა.
ჩვენ მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა მედიის ერთ-ერთი დაშავებული წარმომადგენილის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ბატონი ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ.
ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, არ წამოეგონ პროვოკაციებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ევროპული ღირებულებებია და ისინი მხარდაჭერილი და დაცული უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.