მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მდუმარე საპროტესო აქციას მართავენ.
მედიის წარმომადგენლები გმობენ ძალადობას და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
ჟურნალისტებმა პროტესის ნიშნად სიმბოლურად კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს.
მსგავსი საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.
პარალელურად პარლამენტის წინ, მთავრობის გადადომის მოთხოვნით, მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.