"ტვ პირველის" ოპერატის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდუმარე საპროტესტო აქციებს მართავენ.
"როცა სიტყვები უკვე ზედმეტია" ამ ლოზუნგით- კახეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თელავში საპროტესტო აქცია გამართეს.
რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები თელავის ცენტრში შეიკრიბნენ და ძალოვან უწყებებს "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდეს.
"გამოდი სიცოცხლისთვის" - ამ ლოზუნგით გაიმართა გორში სოლიდარობის აქცია.
საკრებულოსთან მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
მედია საშუალებების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 5ივლისს მედიაზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.
მათ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი აქციაზე ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნას და სამძიმარი გამოუცხადეს ოჯახს და სრულიად საქართველოს.
ბათუმში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს. მათ "ვარდების სკვერში" ტექნიკა გამოიტანეს და ამ ფორმით სამძიმარი გამოუცხადეს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, კოლეგებსა და ქვეყანას.
სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლებმა მედიაზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. ოპერატორების თქმით, ისინი ძალადობას გმობენ და ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.
მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდშიც.
ზუგდიდში, "ქართული ოცნების" ოფისთან, ჟურნალისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს.