სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ, - მიმართა სასულიერო პირებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ.
"მადლობა ყველას, ვინც ამ ქვეყანას გულშემატკივრობს, ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვთ, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს კლავენ და ლექსო მოკლეს. და არანაირ პრესკონფერენციას და ექსპერტიზას აზრი არ აქვს. არ გავაშუქებთ არაფერს თქვენსას, თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს და ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა. ახლა გაჩვენებთ იმას, რაც ვერ გააკეთა ვერავინ 9 წლის განმავლობაში, იმას გავაკეთებთ. თქვენ ნახავთ, როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომელიც გიფრთხილდებოდათ, ეთერში გიწვევდათ და თქვენ არ მოდიოდით. თქვენგან წიხლის მეტი არაფერი მიგვიღია. მივიღეთ ის, რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი. ადექით და მოკალით. ამას ვერ "გააპრავებთ".
უნდა წახვიდეთ, უნდა დამთავრდეს. ღარიბაშვილი, გეყოს ძალა. ახალგაზრდა კაცი ხარ და თუ გინდა, რომ გქონდეს მომავალი, წადი. წაიყვანე შენი მარიონეტები, ბიძინა ივანიშვილო, და წადი. და სამღვდელოებავ, ისინი, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, თქვენ არ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ ღმერთის სახელით, თქვენ თვითონ გაყარეთ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ, აღარ გამოხვიდეთ. სამარცხვინოები ხართ", - თქვა ეკა მიშველაძემ.