პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა.
მან სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ უნდა დაისაჯონ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები.
"არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. საავადმყოფოში ვინახულე თავსი დროზე და მართლა არ მეგონა, თუ აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.