„ლექსოს ჩვენ ვიცავდით საქმეში, რომელიც ეხებოდა მის მიმართ ძალადობის ფაქტებს. ლექსოს ინტერესი იყო, რომ ეს საქმე ბოლომდე მისულიყო. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მისი ოჯახის ინტერესების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს პასუხი გაეცეს კითხვა, გამოიწვია თუ არა მის მიმართ ჩადენილმა ძალადობრივმა ფაქტებმა ის შედეგი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ“, - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.
„ექსპერტიზა დაადგენს, რამ გამოიწვია გარდაცვალება. ჩვენ მივიღებთ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით რა კითხვებიც არსებობს,ამოიწუროს. პირები,რომლებსაც შესაძლოა, ბრალი მიუძღვოდეთ ამ ყველაფერში, უნდა დაისაჯონ. ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მის მიმართ ჩადენილმა ძალადობამ გამოიწვია ეს შედეგი, ეს კითხვა აქტუალურია და ჩვენც გვაქვს. თუ ეს ნამდვილად ასეა, ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს. ყველა მოძალადე პირი უნდა დაისაჯოს, შსს-ს ყველა არ დაუკავებია, ვინც მასზე ძალადობდა, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო. აუცილებელია, რომ ისინი დროულად დააკავონ", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.