"ევროპული საქართველოს" თავჯდომარე, გიგა ბოკერია, "ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, რა თქმა უნდა, არსებობს კავშირი გარდაცვალებასა და 5-6 ივლისს განხორციელებულ ძალადობას შორის, თუმცა დღეს მთავრობის განხორციელებულმა მოქმედებებმა ცხედართან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია და ამით კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმს.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ სამოქალაქოდ აქტიურმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა თუ საზოგადოებრივმა ფიგურებმა უნდა გამოიჩინონ პრინციპულობა და სიმტკიცე, რომ არ მისცენ გასაქანი ამ სიძულვილს და გარე მტრის ამოცანებს ქვეყნის შიგნით.
"სამძიმარი მინდა გამოვუცხადო მის ოჯახს, მის ახლობლებს, ყველას, ეს არის საშინელი ტრაგედია. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ არ მქონდეს ავტომატური რეაქცია, რახან ოპოზიციაში ვარ მე, მთავრობისაკენ გავიშვირო ხელი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ავტომატურად გვქონდა საფუძველი, რომ კავშირი არსებობს იმ სამარცხვინო ძალადობასა და ამ გარდაცვალებას შორის, მაგრამ მერე ვნახე ამ მთავრობის ნაბიჯი ცხედართან დაკავშირებით, რომელმაც უბრალოდ კიდევ უფრო დამატებითი აღშფოთება გამოიწვია და ყველა შემთხვევაში, მანამდეც კი, სანამ რაიმე ფორმალური საბუთი გვიჭირავს, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ამ ქვეყანაში და რასაც მოჰყვა ეს ტრაგედია, ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს.
ივანიშვილის რეჟიმმა პირველ რიგში, რომელმაც აშკარად, არამარტო წაახალისა ან არ დასაჯა მოძალადეები, პრაქტიკულად დაგეგმა და წლებია იყენებს ასეთ ძალადობას და ამ პუტინისტურ ჯგუფებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ოპონენტების წინააღმდეგ. მათ პირველ რიგში და შემდეგ, რათქმაუნდა, იმ ჯგუფებს, რომლებიც მისი ინსტრუმენტი არიან და სამწუხაროდ სასულიერო პირების უდიდეს ნაწილს, ვინც ამ შხამს თესავს, რომელსაც მერე ეს ადამიანები იყენებენ ძალადობის გასამართლებლად და მერე ამ ყველაფერს იყენებს ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად და ჩვენი გარე მტრის პოზიციების განსამტკიცებლად ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ.
წლებია ეს ხდება, ოღონდ ეხლა მასშტაბი შეიძინა კატასტროფული და აქამდეც იყო ნათელი სამწუხაროდ, რომ ეს უკვე დიდი მორალური ზიანი იყო, მაგრამ ამას შეიძლება მსხვერპლი მოჰყოლოდა, როცა ამ ჯინს ბოთლიდან ამოუშვებ და სამწუხაროდ, ეხლა, როგორც ჩანს, ამის შედეგად დადგა მსხვერპლი.
ჩვენი ვალია მორალური, რომ მარტო მორალური განაჩენი კი არა, პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოვუტანოთ ამ ხელისუფლებას მისი შეცვლით, ამის გარეშე ამ ჯოჯოხეთური გზიდან ვერ გამოვალთ და ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი არის მთავრობის ხელიდან დაცული, მისი თავისულება, განურჩევლად პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა კუთვნილებისა და მთავრობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და საკუთარი ქვეყნის შიგნით საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებაზე ზრუნავს და არა ამ თავისუფლების შეწირვით ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რასაც ეხლა სიცოცხლე შეეწირა.
ეს არის ჩვენი ამოცანა და ამასთან ერთად ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ვიყოთ ყველანი თანმიმდევრულები, როცა ადამიანების ჯგუფს, ზოგჯერ დიდ ჯგუფს, ასეთი სატყუარებით სიძულვილის გზაზე აყენებენ, ყოველთვის სამოქალაქოდ აქტიურმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა თუ საზოგადოებრივმა ფიგურებმა უნდა გამოიჩინონ პრინციპულობა და სიმტკიცე, რომ არ მისცენ გასაქანი ამ სიძულვილს და გარე მტრის ამოცანებს ჩვენი ქვეყნის შიგნით", - განაცხადა ბოკერიამ.