მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყანაში 2000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა.
საარჩევნო პროცესს 2500-მდე დამკვირვებელი აკვირდება, მათ შორის ეუთო-ს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სადამკვირვებლო დელეგაციები.
არჩევნები გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ტარდება. ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად, ხელისუფლებამ შეიძინა სამედიცინო ნიღბები, რომლებიც ამომრჩევლებს უფასოდ გადაეცემა. ყველა უბანი აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, მკაცრად კონტროლდება სოციალური დისტანცირების წესები.
საარჩევნო უბნები გახსნილია საზღვარგარეთ - 150 უბანი 36 ქვეყანაში.
101-წევრიან პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად 1000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის, რომლებიც 20 პარტიას და ორ საარჩევნო ბლოკს წარმოადგენენ.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მეტი ამომრჩეველი პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიას, "მოქმედების და სოლიდარობის" პარტიას უჭერს მხარს. მას მოსდევს კომუნისტებისა და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი, რომელსაც სათავეში უდგანან მოლოდოვის ყოფილი პრეზიდენტები ვლადიმირ ვორონინი და პრორუსი იგორ დოდონი.
არჩევნების წინასწარი მონაცემები კენჭისყრის დასრულებიდან ორ საათში გამოქვეყნდება. არჩევნების შედეგები უნდა დაადასტუროს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ.