დიდი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი რევაზ ლაღიძე წელს 100 წლის გახდებოდა.
განუსაზღვრელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. მისი ქმნილებები ქართული მუსიკალური ხელოვნების უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს და საყოველთაო აღიარებითა და სიყვარულით სარგებლობს მსმენელში.
კომპოზიტორის შემოქმედება მრავალ მუსიკალურ ჟანრს მოიცავს, მათ შორის თეატრალურ, სიმფონიურ, საგუნდო, კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრებს, კინომუსიკას.
მსმენელმა შეიყვარა და თბილისის ჰიმნად იქცა საერთაშორისოდ აღიარებული „სიმღერა თბილისზე“; ქართულ საოპერო რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომპოზიტორის ოპერას „ლელა“; სიმფონიური ორკესტრების მუდმივ რეპერტუარშია მისი ბრწყინვალე სიმფონიური სურათი „საჭიდაო“; პიანისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს საფორტეპიანო პიესა „რონდო-ტოკატა“.
ლაღიძე საკომპოზიტორო მოღვაწეობის გარდა ემსახურებოდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას, იყო ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტისა და სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.
მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, არის რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობისა და კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
კომპოზიტორის დამსახურებისა და ღვაწლის აღსანიშნავად, მიმდინარე წლის ოქტომბერში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება კომპოზიტორის 100 წლის საიუბილეო საღამო.