თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ, ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდა ჩვენი დიდი დედოფლის, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა ნაწილების დაბრძანებისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ცერემონიალს დაესწრო.
საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, რომელმაც წმინდა ნაწილები საქართველოში ვიზიტის დროს ჩამოაბრძანა.
"მე მსურს გამოვხატო მადლიერება, მადლობა მინდა გადავუხადო ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებისთვის. დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, თითოეული მორწმუნისთვის. თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ, ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდა ჩვენი დიდი დედოფლის, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები. ქეთევან დედოფლის წამებას თავის დროზევე მოჰყვა ჩვენი ქვეყნის გამოფხიზლება და ეროვნული ცნობიერების არნახული აღზევება.
მისი გმირული ცხოვრება რწმენისა და სამშობლოსთვის თავდადება სამაგალითოა დღესაც და ყოველთვის ასეთად დარჩება.
გოაში, წმინდა აუგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ნაწილების ფრაგმენტები ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსნებათ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა საქართველოს.
ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო წინა პირობაა, მინდა ვთხოვო მას, გადასცეს ქართველი ხალხის მადლიერება ინდოეთის მთავრობას და ხალხს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში.