კუბის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ, საგანგებო გამოყენებისთვის, დაამტკიცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინა Abdala. იუწყება The Guardian-ი.
მარეგულირებლის განცხადებით, პრეპარატი "აკმაყოფილებს მოთხოვნებს ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის თვალსაზრისით".
პრეპარატი Abdala, რომელიც 3 დოზა უნდა გაკეთდეს, კუბის გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრმა დაამზადა. ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ 92%-იან ეფექტურობას ავლენს.
კუბა კიდევ ერთ ვაქცინას აწარმოებს, სახელად Soberana 2, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს რამდენიმე კვირაში დამტკიცდება. იუწყებიან, რომ კვლევის დასკვნით ეტაპზე პრეპარატმა 91%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
კომუნისტების მიერ მართული კუბა პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, რომელმაც წარმატებით შექმნა კორონავირუსის ვაქცინა.
Abdala და Soberana 2 ასევე წარმოდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პოტენციურად დასამტკიცებელ ვაქცინათა ნუსხაში.
ირანმა, არგენტინამ და ვიეტნამმა განაცხადეს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან კუბის ვაქცინების წარმოებით, ხოლო იამაიკა და მექსიკა იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი მათ შეძენაზე.