შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ, მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო ფასეულობათა 80 პროცენტზე მეტია თავმოყრილი.
ამისათვის, პირველ რიგში, დაკვეთილ იქნა სიღრმისეული დასკვნა მუზეუმის ძირითადი შენობის მდგრადობაზე (კონსტრუქციული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა).
პარალელურად, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრომ წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები UNESCO-სთან, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში თბილისში მოავლინა შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები (ჭედური და ფერწერული ხატების რესტავრატორები და ექსპონატთა გადაადგილების სპეციალისტი), რომელთაც შეისწავლეს მუზეუმის ოქროს ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატების მდგომარეობა. UNESCO-ს ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილ იქნა:
ხახულის ღვთისმშობლის ხატი;
ანჩის ხატი;
აწყურის ღვთისმშობლის ხატი;
წილკნის ღვთისმშობლის ხატი;
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი;
ზარზმის ფერისცვალების ხატი;
ზარზმის ღვთისმშობლის ხატი (ლაკლაკიძეები);
კაცხის მაცხოვრის ხატი;
ახალი შუამთის ღვთისმშობლის ხატი.
როგორც მუზეუმის შენობის, ისე საგანძურში დაცული ხატების მდგომარეობის შესახებ სამინისტროს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში წარედგინა შესაბამისი დასკვნები.
უფლებამოსილი სამთავრობო სტრუქტურების გარდა, ორივე დასკვნის შესახებ სამინისტრომ აცნობა საქართველოს საპატრიარქოს.
მუზეუმის ძირითადი შენობის (ე.წ. ყოფილი სემინარია) მდგომარეობის შესახებ დასკვნის თანახმად:
ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური;
ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;
შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი;
შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს.
UNESCO-ს ექსპერტიზის თანახმად, ყველა შესწავლილი ხატის (როგორც ფერწერული, ისე ჭედური) საყრდენი ხე დაზიანებულია და არ არის გამორიცხული, ხის დაზიანების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობდეს. ამასთან, სხვადასხვაგვარად არის დაზიანებული ხატების ფერწერული და ჭედური ნაწილებიც. შესაბამისად, ზოგიერთი ხატის გადაადგილება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მეთოდითაა რეკომენდებული, ხოლო დანარჩენი ხატების გადაადგილება იმავე მეთოდით მხოლოდ ხის დროებითი გამაგრების შედეგადაა შესაძლებელი.
ზემოაღწერილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა და უმოკლეს ვადებში სამოქმედო გეგმის შემუშავება მუზეუმის ძირითადი შენობის დაცლის მიზნით (ე.წ. ყოფილი სემინარიის შენობა). მოცემული გეგმა დამტკიცდება მომავალ კვირაში და იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი.
სამინისტროს განცხადებით, მუზეუმის ძირითადი შენობის სრულად დაცლა, მისი მოცულობის, ექსპონატების ოდენობისა და მათი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, იქნება ძალზედ კომპლექსური, დროში მკაფიოდ გაწერილი პროცესი და ის ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ რიგში, აუცილებელი იქნება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ საგანძურში დაცული იმ ხატების მომზადება გადაადგილებისათვის, რომლებიც, UNESCO-ს საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს იმ სივრცის იდენტიფიკაციის პროცესი, სადაც მუზეუმის ექსპონატები უნდა განთავსდეს.