"სირცხვილია ის, რასაც დღევანდელი მმართველი პარტია აკეთებს: ჯერ იგონებს ტყუილებს - აი, თხზავს ჩვეულებრივ ტყუილებს, შემდგომ, ამ ტყუილებს თავისი მედიით ავრცელებს და ამას აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავისივე მხარდამჭერები გაამხნევოს და დაარწმუნოს ამ ტყუილში.“ - ასე შეაფასა დღეს გიორგი გახარიამ ქართული ოცნების მოქმედების მიზეზი ბოლო პერიოდში გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მეშვეობით განწყობების შექმნის შესახებ.
„ხელისუფლება, რომელსაც სჭირდება ტყუილის მოგონება იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება შეინარჩუნოს - უბრალოდ, შიშის მანიშნებელია ეს ყველაფერი და ეს პირდაპირ ნიშნავს დასასრულის დასაწყისს. სამწუხაროა ეს ყველაფერი - იმიტომ, რომ დღევანდელ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა ნამდვილი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის. და, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით და ამ ხალხის მიმართ ჩვენი პატივისცემა იქნება ყოველთვის ფაქტი. მაშინ როდესაც, არც ერთ ვარიანტში და არც ერთ შემთხვევაში არ შევეგუებით არც ტყუილს და არც ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვას, როდესაც ცდილობენ ტყუილებით მათი აზრის ჩამოყალიბებას.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია დღეს ქალაქ გორში იმყოფება პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი რეგიონალური ოფისის გახსნაზე. მან პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
"მინდა იცოდეთ, რომ ყოველდღიური მოქმედება და ყოველდღიური ნაბიჯი იქნება მიმართული იმისკენ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება გახდეს უკეთესი, ქვეყანა იყოს უფრო წარმატებული, უფრო სწრაფად აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და, რაც ყველაზე უფრო გვინდა, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, რაც ჩვენი წინაპრების ყველაზე დიდი მიზანი და ოცნება იყო!", - განაცხადა გახარიამ.