შეერთებული შტატებისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტების ორგანიზებით, შავი ზღვის უკრაინის აკვატორიაში დაიწყო ყოველწლიური მასშტაბური სამხედრო წვრთნები Sea Breeze 2021.
წლევანდელ სწავლებაში 32 ქვეყანა მონაწილეობს, რაც მას ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წვრთნებად აქცევს.
რა არის Sea Breeze?
Sea Breeze არის ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლება, რომელიც ტარდება უკრაინულ-ამერიკული "ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის” გათვალისწინებით. მემურანდუმს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებმა 1993 წელს მოაწერეს ხელი.
პირველი მანევრები 1997 წელს ჩატარდა. შეთანხმების თანახმად, უკრაინა უზრუნველყოფს შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოლო შეერთებული შტატები წვრთნებს ფინანსურად მხარდაჭერას უწევს. როგორც წესი, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ ნატო-ს წევრი ქვეყნები და პარტნიორები, უპირველესად შავი ზღვის რეგიონიდან.
წვრთნები იმართება ზღვასა და ხმელეთზე. რუსეთი არ მონაწილეობს სწავლებაში.
სად ჩატარდება სწავლება და რამდენ ხანს გაგრძელდება ის?
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, წვრთნები მოიცავს სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვან რეგიონს: ოდესა, ოჩაკოვი, დნესტროვსკის ლიმანი, კინბურნსკი, ზმეინის და პერვომაისკის კუნძულები, მდინარე დუნაის დელტა. გეგმის მიხედვით, Sea Breeze-2021 გაგრძელდება 26 დღე - 28 ივნისიდან 23 ივლისამდე.
ვინ მონაწილეობს წვრთნებში?
შეერთებული შტატების მე-6 ფლოტმა ოფიციალურად დაადასტურა სამხედო წვრთნებში მონაწილეობა. ამასთან, სწავლებაში 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არის საქართველო ავსტრალია, ბულგარეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ისრაელი, კანადა, ლატვია, ნიდერლანდები, რუმინეთი, თურქეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
როგორია რუსეთის რეაქცია?
ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა უარი თქვან Sea Breeze 2021- ზე.
”Sea Breeze წვრთნების მასშტაბი და აშკარად აგრესიული ხასიათი არანაირად არ შეესაბამება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების რეალურ ამოცანებს”, - ნათქვამია საელჩოს Twitter– ზე გაკეთებულ განცხადებაში.
რუსეთს საელჩომ დასძინა, რომ მოსკოვი აქტიურად მიადევნებს თვალყურს სამხედრო წვრთნების მიმდინარეობას.