ეროვნული გვარდიის უფროსის ზურაბ არსოშვილის განცხადებით, 2007-2008 წლებში რეზერვის სამსახურის არაეფექტურობაზე, ყველა მხარის პოზიცია თანხვედრია, თუმცა, მისი თქმით, რეზერვის შექმნამ საზოგადოებაში საკითხისადმი დადებითი განწყობის შექმნისთვის დიდი როლი ითამაშა.
ეს განცხადება არსოშვილმა დღეს პარლამენტში `ქრისტიან-დემოკრატების~ ინიციატივით გამართულ უმცირესობის სხდომაზე განაცხადა. სხდომა დახურული ფორმატით მიმდინარეობს და გვარდიის ხელმძღვანელობამ ოპოზიციას სარეზერვო სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა უნდა გააცნოს. სარეზერვო სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის მიერ გაწერილია პროგრამაში - `ეროვნული გვარდიის ხედვა~.
არსოშვილის განცხადებით, `ყველა შეცდომა და ნაკლოვანება საფუძვლიანად იქნა შესწავლილი და ახალი ხედვის შემუშავება სწორედ ამის საფუძველზე მოხდა.~
ეროვნული გვარდიის ხედვაში ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი რეზერვისტთა და მუდმივი პირადი შემადგენლობის წრთვნები და სამხედრო მომზადების ახალი პროგრამებია. პროექტის მიხედვით რეზერვი ორ ნაწილად - სავალდებულოდ და ნებაყოფლობითად დაიყოფა.
სავალდებულო რეზერვი 45 წლამდე, სამხედრო სამხურისთვის ვარგისი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტდება. ნებაყოფლობით რეზერვში კი ახალი ასაკობრივი ცენზი დაწესდება და სამსახური მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, ვისაც სხვა კრიტერიუმებთან ერთად, შესრულებული ექნება 27 წელი.