გაერო გამოდის მოწოდებით, მიანმარის სამხედრო ხუნტისთვის იარაღის მიყიდვის შეჩერების შესახებ, წლევანდელი ძალადობრივი სამხედრო გადატრიალების გამო.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია მიანმარის სამხედრო ხუნტა, რომელმაც თებერვალში დაამხო ქვეყნის არჩეული ხელისუფლება და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.
გაერომ ასევე მოითხოვა დაკავებული პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მათ შორის მიანმარის დაკავებული ლიდერის, აუნ სან სუ ჩისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის შეწყვეტა.
მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუცია სამართლებრივი თვალსაზრისით სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, იგი პოლიტიკურად მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
"ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის საშიშროება რეალურია", - განუცხადა გენერალურ ასამბლეას გაეროს სპეციალური წარმომადგენელმა მიანმარის საკითხებში, ქრისტინ შრანერ ბურგენერმა.
რეზოლუციას მხარი 119-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ მხოლოდ ბელარუსი წავიდა. 36-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებიც მიანმარის სამხედრო ხუნტის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან.
მიანმარში გაეროს ელჩმა კიავ მო ტუნა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის არჩეულ სამოქალაქო მთავრობას, განაცხადა, რომ იგი იმედგაცრუებულია იმით, თუ რამდენი დრო დასჭირდა გენერალურ ასამბლეას, "სუსტი" რეზოლუციის მისაღებად.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კენჭისყრის წინ ჟურნალისტებს მიმართა: "ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც სამხედრო გადატრიალებები ხდება ნორმა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია".
შეგახსენებთ, რომ მიანმარში სამხედრო გადატრიალება 1 თებერვალს მოხდა.