ცოტა ხნის წინ, ჟენევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დასრულდა.
სამიტის დაწყებამდე ორივე პრეზიდენმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ჟენევის სამიტიდან განსაკუთრებულ „გარღვევას“ არ მოელიან, თვლიან, რომ პირისპირ შეხვედრა ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გადავხედოთ, შეერთებული შტატებისა და რუსეთის/საბჭოთა კავშირის ურთიერთობების რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს.
კენედი და ხრუშჩოვი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი საბჭოთა კავშირის ლიდერს ნიკიტა ხრუშჩოვს 1961 წელს, ვენაში შეხვდა. მათი შეხვედრა ძირითადად ფოკუსირებული იყო ბერლინის კრიზისსა და გაყოფილი ქალაქის კონტროლზე.
სამიტმა დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა.
მოგვიანებით, ნიუ-იორკ თაიმსის ჟურნალისტთან საუბრისას, კენედიმ აღნიშნა, რომ ხრუშჩოვთან შეხვედრა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მოგონებად დარჩება მის ცხოვრებაში.
მოლაპარაკებებიდან რამდენიმე თვეში, ბერლინში კედლის მშენებლობა დაიწყო. მალევე, დაიწყო ორი ბირთვული ძალის ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი - "კუბის კრიზისი".
ნიქსონი და ბრეჟნევი
1972 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და საბჭოთა კავშირის ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი ერთმანეთს მოსკოვში ხვდებიან. კენედისა და ბრეჟნევის სამიტისგან განსხვავებით, ნიქსონისა და ბრეჟნევის შეხვედრამ მეტად მეგობრულ და პროდუქტიულ გარემოში ჩაიარა.
მხარეები შეთანხმდნენ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაზე.
მოგვიანებით, ნიქსონის მიწვევით ბრეჟნევი ვაშინგტონს ეწვია, სადაც გაგრძელდა მოლაპარაკებები ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ.
ფორდი და ბრეჟნევი
1974 წლის ნოემბერში ნიქსონის მემკვიდრე ჯერალდ ფორდი პირველად შეხვდა ბრეჟნევს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში. უკიდურესი სიცივის მიუხედავად, ლიდერებს შორის შეხვედრა თბილად წარიმართა.
მომდევნო წელს, ფორდი და ბრეჟნევი ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდნენ, სადაც სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ჰელსკინის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ჰელსინკის დეკლარაციით მსოფლიომ ერთგვარად ცნო ევროპის დაყოფა დასავლურ და საბჭოთა გავლენის სფეროებად. ამ დოკუმენტის მიხედვით, მისი ხელმომწერნი ცნობდნენ ევროპას ისეთს, როგორიც ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო, რაც თავისთავად ნიშნავდა საბჭოთა კავშირის კონტროლს ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის რესპუბლიკებზე, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა დოკუმენტის ხელმოწერამდე ხაზგასმით განაცხადა, რომ არ ცნობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანექსიას.
რეიგანი და გორბაჩოვი
ცივი ომის დასრულების მიჯნაზე, 1987 წლის დეკემბერში ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი შეხვდნენ ვაშინგტონში, სადაც ორმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ განიხილა ბირთვული იარაღის მარაგების კონტროლისა და გამოცდის საკითხი.
ლიდერებმა ხელი მოაწერეს INF ხელშეკრულებას - შეთანხმებას, რომელიც კრძალავს საშუალო დიაპაზონის ბირთვულ რაკეტებს, რამაც 1991 წლისთვის 2 692 რაკეტის განადგურება გამოიწვია.
ბუში და გორბაჩოვი
პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გორბაჩოვს შვიდჯერ შეხვდა. 1990 წლის სექტემბერში, ჰელსინკში, მესამე შეხვედრის დროს, მათ დაამყარეს თბილი სამუშაო ურთიერთობა, რომელიც მრავალსაათიან დისკუსიებს მოიცავდა, ხშირად პირისპირ, მრჩეველების გარეშე.
ბუში იმედოვნებდა, რომ გორბაჩოვი მხარს დაუჭერდა ერაყის ლიდერის სადამ ჰუსეინის აგრესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ერთი კვირით ადრე ქუვეითში შეიჭრა.
კლინტონი და ელცინი
პრეზიდენტი ბილ კლინტონი 1997 წლის მარტში ჰელსინკში შეხვდა რუსეთის ლიდერს ბორის ელცინს, სადაც ცივი ომის დასრულების შემდეგ განხილულ იქნა ყველაზე გადამწყვეტი საკითხი აშშ-სა და რუსეთს შორის. ურთიერთობები დაიძაბა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით, ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში.
ელცინმა სამიტზე განმარტა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას, მაგრამ შეთანხმდა ალიანსთან პაქტის შესახებ მოლაპარაკებაზე. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ბირთვული არსენალების მკვეთრ შემცირებაზე.
ბუში, ობამა და პუტინი
აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილურად გაუარესდა ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროს. რუსეთის დაზვერვის ყოფილი ჩინოვნიკი, პუტინი 2000 წელს გახდა პრეზიდენტი. ჯორჯ ბუში, რომელიც ერთი წლის შემდეგ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, ცდილობდა პუტინთან თანამშრომლობას, ლიდერებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო დაძაბული ხდებოდა.
"ვფიქრობ, პუტინი აღარ არის დემოკრატი", - განუცხადა ბუშმა სლოვენიის პრემიერ მინისტრს 2006 წელს. ”ის მეფეა. ვფიქრობ, რომ ის დავკარგეთ”.
როდესაც ბარაკ ობამა 2009 წელს გახდა პრეზიდენტი, იგი ცდილობდა პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგიის შემუშავებას.
პირველად, ობამა 2009 წელს შეხვდა მოსკოვში, მეორედ კი მექსიკაში, დიდი ოცეულის სამიტზე.
"გადატვირთვის ღილაკი"
2009 წელს ბარაკ ობამამ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაგზავნა მოსკოვში აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის მისიით, რომელიც თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.
ჰილარი კლინტონმა და სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე სიმბოლურად ხელი დააჭირეს ღილაკს, ნიშნად რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვისა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება ბევრ სხვადასხვა საკითხს მოიცავდა, რეალურად ორი ქვეყნის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა.
შემდეგ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, პირველად დაარღვია ჰელსინკის შეთანხმება, რომელსაც ფორდმა და ბრეჟნევმა 1975 წელს მოაწერეს ხელი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა.
ტრამპი და პუტინი
როდესაც 2016 წელს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ეცადა ურთიერთობების გადატვირთვას.
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 2018 წელს ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ბრალდების ფონზე წარიმართა. სააგენტოები თვლიდნენ, რომ რუსეთმა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ზეგავლენის გამოძიება სპეციალურ პროკურორს დაევალა, რომელსაც ასევე უნდა გაერკვია, იყო თუ არა ტრამპის კამპანია ამ ოპერაციის თანამონაწილე. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ტრამპის საარჩევნო გუნდი არ მონაწილეობდა რუსეთის მიერ ორგანიზებულ ოპერაციაში.
დონალდ ტრამპი არ ეთანხმებოდა სადაზვერვო სააგენტოების ანგარიშებს და აცხადებდა, რომ რუსეთს არ ჰქონდა არჩევნებში ჩარევის მიზეზი.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუარესებაში აშშ-ის ყოფილი ლიდერები დაადანაშაულა და რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები არც კი უხსენებია.
პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ ბურთი ტრამპის მოედანზე იყო და პრეზიდენტს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი აჩუქა.
წყარო: BBC