ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის, ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოიწურა.
გამბიელი იურისი ფატუ ბენსუდა 2004 წლიდან სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2012 წლიდან კი მთავარი პროკურორის თანამდებობა დაიკავა.
უწინ იგი გამბიის გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი იყო.
სასამართლოს ახალი მთავარი პროკურორი კარიმ ხანი, რომლის ფიცის დადების ცერემონიალიც დღეს გაიმართა, უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.
კარიმ ხანი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორად თებერვალში აირჩიეს.
ბრიტანელი იურისტი კარიმ ხანი მანამდე ხელმძღვანელობდა გაეროს გუნდს, რომელიც ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილ გენოციდს, ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იძიებს. მას ჰქონდა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის წოდება.
იგი ასევე მუშაობდა პროკურორად იმ ტრიბუნალში, რომელიც ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში ჩადენილ გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. შეიქმნა რომის სტატუტით, რომელიც 1998 წელს იქნა მიღებული. ფუნქციონირებს 2002 წლის ივლისიდან.