პარასკევს, გაეროს შენობაში ფარულ კენჭისყრაზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორად ბრიტანელი იურისტი კარიმ ხანი აირჩიეს.
კარიმ ხანი ჩაანაცვლებს პროკურორ ფატუ ბენსუდას, რომლის უფლებამოსილების 9-წლიანი ვადა ივნისში იწურება.
თავდაპირველად, მოელოდნენ, რომ კარიმ ხანი, რომელიც სპეციალიზებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლსა და ადამინის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ფართო მხარდაჭერას მოიპოვებდა, თუმცა ვერც მან და ვერ სხვა კანდიდატებმა, ვერ მოიპოვეს მხარდაჭერა კონსენსუსის გზით, რამაც საჭირო გახადა ფარული კენჭისყრის გამართვა გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზში.
ფარულ კენჭისყრაზე, სასამართლოს 123 წევრი ქვეყნიდან, კარიმ ხანმა 72 ხმა მიიღო, 10 ხმით მეტი ვიდრე გამარჯვებისთვის იყო საჭირო. ირლანდიელმა ფერგალ გეინორმა 42 ხმა მიიღო, მას მოსდევდა ესპანელი კარლოს კასტრასენა ფერნანდეზი 5 ხმით და იტალიელი ფრანჩესკო ლო ვოი 3 ხმით.
კარიმ ხანი ამჟამად ხელმძღვანელობს გაეროს გუნდს, რომელიც ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილ გენოციდს, ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იძიებს და აქვს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის წოდება.
იგი ასევე მუშაობდა პროკურორად იმ ტრიბუნაში, რომელიც ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში ჩადენილ გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა.
კარიმ ხანი უფლებამოსილების განხორციელებას ივნისიდან შეუდგება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. შეიქმნა რომის სტატუტით, რომელიც 1998 წელს იქნა მიღებული. ფუნქციონირებს 2002 წლის ივლისიდან.