დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.
"სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან, ბრიტანულ შტამთან ერთად, უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც", – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში ვირუსის ე.წ. ინდური შტამის პირველი 5 შემთხვევა 27 მაისს დაფიქსირდა.
ამ თვის დასაწყისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად, კორონავირუსის შტამები ბერძნული ანბანის ასოებით დაასათაურა.
კორონავირუსის „ბრიტანულ ვარიანტს“ ეწოდა ალფა, „სამხრეთაფრიკულს“ - ბეტა, „ბრაზილიურს“ - გამა და „ინდურს“ - დელტა.
მანამდე, ინდოეთის მთავრობამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში აღმოჩენილ შტამს ინდურს უწოდებდნენ.