სახალხო დამცველის აპარატი 42-ე ბატალიონში წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებაზე უკვე მუშაობს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს.
"ინფორმაციას უკვე ვამოწმებთ. სხვა სახის კომენტარს კი, იქამდე, სანამ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, ვერ გავაკეთებთ", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, 42-ე ბატალიონის ალფა ასეულში წუხელ ღამით 15 ჯარისკაცი ცემეს.
როგორც კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, აღნიშნული ინფორმაცია მან სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებიდან მიიღო.
მისივე თქმით, ნაცემები არიან ასევე სერჟანტი კიკნაძე, რომელმაც შეურაცხყოფის გამო ვენები გადაიჭრა.
"ნაცემია ასევე, გვარად ნადირაძე, სულ 15 ჯარისკაცი", - ამტკიცებს კაკაბაძე.
"ჯი-ეიჩ-ენმა" აღნიშნულის თავდაცვის სამინისტროში გადამოწმება სცადა, სადაც განუმარტეს, რომ მომხდარის შესახებ უწყებაში ოფიციალური განმარტება მოგვიანებით გაკეთდება.